სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, სადაც ახალგაზრდა ქართველი მოდელი ტრადიციულ ქართულ სამოსში პოზირებს. კადრები თავდაპირველად TikTok პლატფორმაზე ფოტოგრაფმა ნატალია გოროზიამ გამოაქვეყნა. ვიდეომ 12 საათში 250 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა – კადრებში მოდელი მარიამ სამხარაძე ჩანს. მას უამრავმა ადამიანმა ქართველი ანჯელინა ჯოლიც უწოდა.
მშვენიერი მოდელის გარეგნობამ უამრავი ადამიანი აღაფრთოვანა, თუმცა, გააჩინა ეჭვებიც მისი ეროვნების შესახებ – უამრავ კომენტარს წააწყდებით, სადაც წერენ, რომ მარიამი არ ჰგავს ქართველს. როგორც აღმოჩნდა, მასზე ისიც დაიწერა, რომ პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული – თავად მარიამ სამხარაძემ ამის შესახებ „რადიო ფორტუნასთან“ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვიზუალში არაფერი შეუცვლია:
„ყველაფერი ბუნებრივი მაქვს, არანაირი ოპერაცია არ გამიკეთებია, თმაც კი არ მაქვს შეღებილი, ბავშვობის ფოტოებიც მიდევს სოციალურ ქსელში“, – ამბობს ის.
რაც შეეხება მარიამ სამხარაძის ეროვნებას, ის ქართველია. ამბობს, რომ ორივე მშობელს ჰგავს – დედასაც და მამასაც, მაგრამ უფრო მეტად – ბებიას, რომელიც რუსია.
„ურთიერთობაში ვარ, დაკავებული ვარ. თაყვანისმცემლებიდან არავის ვპასუხობ. პირადზე დიდად საუბარი არ მიყვარს”, – ამბობს მარიამ სამხარაძე „რადიო ფორტუნასთან“ ინტერვიუში.










