ტრაგედია დატრიალდა დღეს დილით გარდაბანში. სოფელ ბირლიკში BMW – ს მარკის ავტომობილი, რომელიც დიდი სიჩქარით მოძრაობდა, ხეს შეასკდა, რის შემდეგ მანქანა ნაწილებად იქცა.
გარდაცვლილია 7ადამიანი, ხოლო ერთი ახალგაზრდა უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაშია გადაყვანილი, ახლა ის სიკვდილს ებრძვის. როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად მოდიოდნენ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოხდა ეს უბედურება.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილები ერთმანეთის ახლობლები არიან.
- ჩვენთვის ცნობილი გახდა შვიდივე გარდაცვლილი ახალგაზრდას ვინაობა. ესენი არიან სოფელ ბირლიკში მცხოვრები ძმები ამილ და ქამილ ალიევები, ასევე კიდევ ორი ძმა არის დაღუპული – ალილ და საჰილ ჯალილოვები, ასევე 17 წლის სპორტსმენი ჯალილ მასიმოვი, ხანოღლან ნასიბოვი და ელთაჯ ბაირამოვი.
არსებული ინფორმაციით, ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა ახალგაზრდები კახეთიდან, მეგობრის დაბადების დღიდან მოდიოდნენ. ავარიის თვითმხილველები ამბობენ, რომ მანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
“240 [სიჩქარით მოძრაობდაო], ასე ამბობენ, თავისუფალი იყო გზა. მე რომ მოვედი დაზარალებულები საავადმყოფოში იყვნენ, მარტო მანქანა ვნახე და პოლიცია” – უყვება ერთ-ერთი თვითმხილველი “ტვ პირველს. სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა კადრები, სადაც უმძიმესი მომენტია ასახული – მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა, რომელიც ჯერ ხეს ეჯახება, შემდეგ ტრიალდება და ცეცხლი ეკიდება.
დაღუპული ალიევების პედაგოგი AMBEBI.GE-ს უყვება:
“ქამილი 19 წლის იყო, შამილი 17 – ის. ბიჭებს მშობლები დაღუპული ჰყავთ. ბებია და ბაბუა ზრდიდნენ. მშობლები ადრე დაეღუპათ, ჯერ მამა, შემდეგ დედა. ორივე გამორჩეულები იყვნენ ზრდილობით, მოწესრიგებულობით, კულტურით და არასდროს არავის აწუხებდნენ. ყველას ძალიან უყვარდა ძმები. ძალიან კეთილი იყო შამილი. ყველას გულშემატკივარი. გული მტკივა ძალიან. შამილი მიმტანად მუშაობდა, შრომობდა, ქამილი სპორტს მისდევდა, კრივით იყო დაკავებული. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, სიტყვები არ მყოფნის, როგორი გამორჩეული ძმები იყვნენ, გული მტკივა ძალიან და ვუსამძიმრებ ყველას”.
წყარო : Ambebi.ge










