ახლახან სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა – მერაბ სეფაშვილის მეუღლე, ნინო ჯურხაძე გარდაიცვალა… მომღერლისთვის მეორე ნახევრის გარდაცვალება, რომელთანაც წლების სიყვარული და ორი შვილი აკავშირებდა, უმძიმესი აღმოჩნდა… გია გოგორიშვილი fortuna.ge-სთან ქალბატონ ნინოს იხსენებს…
გია, საზოგადოებამ იცის, რომ ქალბატონ ნინოს ბოლო წლების განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა…
დიახ, სამწუხაროდ, ავადმყოფობდა. რამდენიმე წლის წინ ინსულტი დაემართა, ავადმყოფობა გაუგრძელდა. ცხოვრობდა ისე, როგორც უნდა იყოს ასეთი ადამიანი, თუმცა თავისი ფეხით გადაადგილდებოდა, ოდნავ ჰქონდა მეტყველება დაქვეითებული… რამდენიმე წლის შემდეგ აღმოაჩნდა თავში სიმსივნე და ამ დაავადებამ იმსხვერპლა…
ქალბატონ ნინოს წლები იცნობდით და მასთან მეგობრობდით… მის რა თვისებებს გამოჰყოფდით და როგორ დაახასიათებდით მას?
პირველ რიგში, დავახასიათებდი, როგორც გადამკვდარ დედას… რა შვილები გაზარდა, ნიკუშა და სანდრო, მთელმა თბილისმა იცის… მოგეხსენებათ, ძალიან რთულია ისეთი ვარსკვლავისა და მსახიობის მეუღლეობა, როგორიც მერაბია. ყველა ლუპით უყურებს, მაგრამ მერაბი სულ მოვლილი, გაპიწკინებული იყო. ნინო პატარა ბავშვივით უვლიდა მერაბს. უსრულებდა ყველა კაპრიზს…
ჩვენთან ძმაკაცობდა… მეგობარი იყო, დაქალი კი არა, ძმაკაცი… ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, რომელიც ბესო ჩუბინიძემ გადაიღო და ვიდეოც არსებობს – მერაბის ვარსკვლავის გახსნა რომ იყო, საგრიმიოროში ვიყავით. გავიხედეთ და ნინიკო მოდის ვარდების დიდი თაიგულით… შემოვიდა კულისებში და მერაბს უთხრა, რაც ცხოვრებაში გიწყენინებია, ყველაფერს გპატიობო. საოცარ ოჯახში იყო გაზრდილი… განსაკუთრებული იუმორის გრძნობა ჰქონდა….
მერაბისთვის ეს დღეები, ალბათ, ძალიან რთულია…
ბოლო დღეებში რომ ავადმყოფობდა, რა თქმა უნდა, კონცერტები გადავდეთ… მერაბი თითქოს შეგუებული იყო… ნინოს დიაგნოზი რომ დაუსვეს, არ დააკლო არაფერი მთელმა ოჯახმა, წამლები, დასხივებები, 24-საათიანი ღამის თევით ჰყავდათ ექიმები და ექთნები. თუ რამე არსებობს, ყველაფერი სცადეს… რა თქმა უნდა, მერაბმა ძალიან განიცადა ნინოს გარდაცვალება… გუშინ ძალიან ცუდად გახდა… გასაგებია, რომ დიაგნოზი იცი, მაგრამ ფაქტი რომ დადგა, ეს სულ სხვა…
ნახეთ ვრცლად Fortuna.ge-ზე.










