“ჩაგვშხამდა სასწავლო წელი, გაუბედურებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა, ლუკა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო” – რას ჰყვებიან ხაშურში დაღუპულ ბავშვზე?

“ჩაგვშხამდა სასწავლო წელი, გაუბედურებულები ვართ, უდიდესი ტრაგედიაა, ლუკა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო” – რას ჰყვებიან ხაშურში დაღუპულ ბავშვზე?

ხაშურში დატრიალებული ტრაგედიის დეტალებს ახლა სამართალდამცველები არკვევენ.

უმძიმესი ტრაგედია, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. დღეს დილით, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამას ოჯახში საშინელი სურათი დახვდა – მისი 9 წლის შვილი, ლუკა ბარბაქაძე გარდაცვლილი იყო, მეუღლე კი – უგონო მდგომარეობაში.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ქალი კომატოზურ მდგომარეობაშია და ჯერ გონზე არ მოსულა. ის კლინიკაში იმყოფება.

ბავშვის ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდება და გაირკვევა მისი გარდაცვალების მიზეზი. დედა-შვილს არანაირი დაზიანების კვალი არ ეტყობა, ამიტომ ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვის გარდაცვალების მიზეზად ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა გაზით ინტოქსიკაცია გამოირიცხა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ კვებითი ინტოქსიკაცია მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ლუკას მამა რკინიგზის თანამშრომელია, წუხელ იგი ღამის მორიგე იყო, ცვლაში მუშაობდა და დღეს დილით დაბრუნებულს, ეს ტრაგედია დახვდა.

ლუკა ბარბაქაძე ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. მის სკოლაში გლოვაა.

“არ ვიცი, რა უნდა გითხრათ, საშინელება მოხდა, უდიდესი ტრაგედია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ლუკა გუშინ ჩვეულებრივად იყო სკოლაში, ჩვეულ ხასიათზე, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, სახლშია რაღაც მომხდარი, ბავშვს ექსპერტიზა ჩაუტარდება და დასკვნა უნდა დაიდოს. სავარაუდოდ, მოწამვლის შემთხვევაა.

ლუკა ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. უდიდესი ტრაგედიაა, გაუბედურებულები ვართ, ჩაგვშხამდა სასწავლო წელი, ვერაფერს გეტყვით, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ჩვეულებრივ იყო სკოლაში ბავშვი, კარგ ხასიათზე, ნორმალური, სიცოცხლით სავსე, გავუშვით სახლში და დღეს გავიგეთ ეს ტრაგედია”, – ამბობს ჩვენთან საუბარში სკოლის დირექტორი.
ყველა განიცდის მომხდარს.
“ეს თავზარდამცემი ამბავი დღეს დილით მეზობელმა მითხრა. ძალიან კარგი ოჯახია, მშრომელი ხალხი. მამა წუხელ სახლში არ იყო, რკინიგზაში მუშაობს და მორიგე ყოფილა, დილას მოვიდა და ეს უბედურება დახვდა. ბავშვი გარდაცვლილი იყო, დედა – უგონოდ.
ამბობენ, რაღაც ჭამეს და ცუდად გახდნენო. დამატებით ჯერ არაფერი ვიცით. შოკში ვართ ყველანი”, – ამბობს ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

წყარო: ​კვირის პალიტრა

მსგავსი სიახლეები

ახალი ამბები

„დილით ბავშვს გაუღვიძია და მამასთვის უთქვამს წყალი მინდაო, უცებ ისე დამძიმდა ბავშვი, რომ ვერაფერი მოასწრეს, ადგილზე გარდაიცვალა“ – სამტრედიაში 5 წლამდე ბავშვი მოულოდნელად გარდაიცვალა